თეგი: სოსო ჯაჭვლიანი

სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა

65 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, რეჟისორი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი. ინფორმაციას ჯაჭვლიანის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. სოსო ჯაჭვლიანი ბოლო წლების განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა და კლინიკაში მკურნალობდა. სოსო ჯაჭვლიანმა 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. სოსო ჯაჭვლიანი გადაღებულია ფილმებში – „ნატვრის ხე“, „ამაღლება“;  „ძმა“, „სიბრძნის კარავი“, „სამი ალიყური“, „თეთრი ბაირაღები“, „უძინართა მზე“,  „სვანი“,  „მაიტა ნასოსი“ და სხვა. არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა – „ჩემი პირველი სიყვარული“, „მანიაკები? ფანატიკები?“,  „სვანი“ , „მაიტა ნასოსი“. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი – „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“.  

პატრიარქი: სოსო ჯაჭვლიანი გედიას მსგავსად, სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების და ვაჟკაცობის მაგალითს იძლეოდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს სოსო (იოსებ) ჯაჭვლიანის გარდაცვალების გამო. „კიდევ ერთი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი პიროვნება გამოაკლდა წუთისოფელს. დღეს სოსო (იოსებ) ჯაჭვლიანი ეთხოვება სამზეოს და მარადიულ ცხოვრებას იწყებს. მიუხედავად მრავალმხრივი შემოქმედებითი ცხოვრებისა და სპორტული მიღწევებისა, ჩვენი ხალხის მეხსიერებაში იგი მაინც „ნატვრის ხის“ გმირად დარჩება, რადგანაც თვითონაც გედიას მსგავსად, სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების და ვაჟკაცობის მაგალითს იძლეოდა. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ, - ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ, - მოგმადლოთ მშვიდობა და სოსო-იოსებისთვის ლოცვის ძალა,“ წერია წერილში.